გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

იძულებით გადაადგილებული პირები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ საკუთარ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებამდე, სოციალური დაცვის ადექვატური სქემის უზრუნველყოფის მიზნით ენმ გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

  • საერთაშორისო ასპარეზზე დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევების მობილიზაციას, მათ შორის, გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას დევნილების უფლებების დაცვა და არსებობდეს სრული საერთაშორისო კონსენსუსი მათი დაბრუნების უფლებაზე. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში დაწყებულ საქმეს, იმ მიზნით, რომ რუსეთს დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე;

  • დევნილის პოლიტიკური და სოციალური სტატუსის გამიჯვნა. დევნილთა და მათი შთამომავლების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს ხელშეუხებელია და აღიარებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებით. ამავდროულად, დევნილთა სოციალური დაცვა უნდა მოექცეს საერთო ეროვნულ პროგრამებში და აღმოიფხვრას ამ მხრივ დღეს არსებული დისკრიმინაცია;

  • დევნილთა დახმარებისა და მათი ღირსეული საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამების გაგრძელება.  ეს ამოცანა განხორციელდება იმ დათქმით, რომ დევნილების, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება – დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლებები, ხელშეუხებელია.  საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამები იქნება მრავალფეროვანი (ახალი მშენებლობები, არსებული შენობების გარემონტება, სოფლად სახლების შეყიდვა, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ა.შ.), დაცული იქნება პარიტეტი კომპაქტური დასახლებების დევნილებსა და ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულ დევნილ ოჯახებს შორის და აღნიშნული ღონისძიებები თავიდან აგვაცილებს დევნილთა მიერ წლობით საცხოვრებლის რიგში დგომას;

  • დევნილების დასაქმების ხელშეწყობა. საერთაშორისო დონორების აქტიური მონაწილეობით, დევნილთა როგორც დიდ, ისე მცირე კომპაქტურ ჩასახლებებში განვახორციელებთ მიკროპროექტებს დევნილების დასაქმებისა და შემოსავლებით უზრუნველყოფის მიზნით; ასევე მოვახდენთ დევნილების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროგრამებში;

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა. ნაციონალური მოძრაობა შეიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა მიერ ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურის (აფხაზეთის არ უზენაესი საბჭოს) და მეთაური (ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის ყოფილი აო) დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) პერიოდულ და პირდაპირ გზით არჩევნებს.