გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა

საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მდგრადი, სამართლიანი და ფინანსურად მყარი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის არსებობა.

სახელმწიფოს თანადგომა ყველასათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი - შეჭირვებულებისათვის სრულად, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის  იმ ოდენობით, რასაც თუნდაც ასეთი შემოსავლების მქონე ოჯახი თავად ვერ გაწვდება. შეძლებულის და ღარიბის ერთნაირი კრიტერიუმით დახმარება უსამართლოა და, საბოლოოდ, სისტემის ფინანსურ ჩამოშლამდე მიგვიყვანს, რაც დააზარალებს ყველას, განურჩევლად შემოსავლების დონისა, უპირველესად კი ღარიბებს.

ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად,   ჩვენ განვახორციელებთ მიზნობრივ და, შესაბამისად, სამართლიან სოციალურ პოლიტიკას.

კერძოდ, გაიზრდება სოციალური დახმარების მიმღებ და ჯანდაცვის სრული პაკეტით მოსარგებლე ოჯახთა რაოდენობა. სახელმწიფო გადაამისამართებს დანახარჯებს მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან - რომლებიც არ საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას, გარდა იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომელთაც თავად ვერ გასწვდებიან - იმ ოჯახებზე, რომლებიც სახელმწიფოსგან მეტ დახმარებას საჭიროებენ.

  • 2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც.

  • 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ;

  • ჩვენ საარსებო შემწეობას აღვუდგენთ ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდა; შემოვიღებთ საარსებო შემწეობის დანიშვნის მკაფიო, მარტივ და სამართლიან კრიტერიუმებს და არ დავუშვებთ შემუშავებული კრიტერიუმების ხშირ და უსაფუძვლო გადახედვას;

  • ყველა მოქალაქე, მათ შორის მაღალი შემოსავლის მქონე, დაზღვეული იქნება მისთვის ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან (70 000 ლარამდე წელიწადში);

  • იმავდროულად, ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით (2016 წელს მოქალაქეზე წელიწადში საშუალოდ 178 ლარის ოდენობით), როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს:

    • გაჭირვებულისთვის - “სრული თანადგომის პაკეტი” (პოლისის ღირებულება - 225 ლარი წელიწადში);

    • ნაკლებად გაჭირვებულისთვის - “დახმარების პაკეტი” (პოლისის ღირებულება - 205 ლარი წელიწადში);

    • საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის - “მხარდაჭერის პაკეტი” (პოლისის ღირებულება  - 190 ლარი წელიწადში);

  • დღეს არსებული ვითარებისგან განსხვავებით, ყველა ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებასაც;

ამ რეფორმის შედეგად, სისტემა შეიძენს ფინანსურ მდგრადობას, სახელმწიფოს მხრიდან საავადმყოფოებისთვის გადახდების პერმანენტული დაგვიანება აღმოიფხვრება, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ პრობლემებს ქმნის ამ სფეროში მომუშავე ბიზნესისთვის, ართულებს მათ მიერ ექიმებისა და სხვა პერსონალის ხელფასების დროულ გადახდას. ეს, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება სამედიცინო სერვისის ხარისხზე. თითოეული მოქალაქისთვის გაუმჯობესდება ჯანდაცვის ხარისხი. სისტემა შეიძენს სოციალურად სამართლიან სახეს და მეტად დაეხმარება გაჭირვებულებს.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებათა განსაზღვრისას, სახელმწიფო სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადავა, რათა უზრუნველვყოთ განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, მათი საჭიროებებისა და განსხვავებულობის მიუხედავად;

  • გავაუმჯობესებთ სტატუსის მინიჭების მექანიზმს, გადავხედავთ დიაგნოზის მინიჭებისა და გადახედვის პროცედურებს და ევროპაში არსებულ პრაქტიკას შევუსაბამებთ;

  • გავაძლიერებთ სოციალური დაცვისა, ინდივიდუალური განვითარებისა და თვითრეალიზების გარანტიებს;

  • ხელს შევუწყობთ, რომ სასწავლო და საჯარო დაწესებულებები იყოს შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული;

  • გავზრდით საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ამოცანა იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისწვდომობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს  ყველა მოქალაქეს  თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე.

პაციენტის უფლებების დაცვასთან ერთად,  პრიორიტეტი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის  კვალიფიკაცია და უფლებები, რაც მაღალი ხარისხის  და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გარანტიაა.

პირველად ჯანდაცვა,  სოფლის  და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი  მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი  ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო  ჩართულობის გზით. მოსახლეობის ჯანმრთელობის   მდგომარეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულობა, ძალისხმევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება, რაც უფრო რეალისტურს გახდის ათასწლეულის მიზნების  მიღწევას საქართველოში.