გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

მშვიდობის პოლიტიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზანი საგარეო, თავდაცვისა და მშვიდობის სფეროში ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება;  

  • საქართველოს ტერიტორულ მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა;

  • ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა;

  • საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მშვიდობის პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა.

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა  პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, საქართველომ შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან, ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის პრიორიტეტული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით ენმ იხელმძღვანელებს 2009 წელს შექმნილი სახელმწიფო სტრატეგიით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და შესაბამისი სამოქმედო გეგმით. სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი მიმართულებები.

  • ძალის არ-გამოყენება და მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ დავრჩებით ერთგული 2009 და 2013 წლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებისა არ გამოვიყენოთ ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რომ მან აიღოს ძალის არ-გამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიების აღდგენა მონიტორინგის, საპოლიციო ან/და სამშვიდობო ფუნქციებით.

  • რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ რუსეთის ფედერაციას ოკუპანტ სახელმწიფოდ მივიჩნევთ. მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რუსეთთან ტექნიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვ. საკითხებზე დიალოგი, თუმცა ამის შედეგად არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ხდება და ოკუპაცია პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული კონსენსუსი არსებობდეს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსზე.

  • პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მჭიდრო ურთიერთობები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან. ჩვენ გვექნება კონრეტული ინიციატივები, მათ შორის, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომ არსებობდეს მუდმივი კომუნიკაცია ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ აღდგეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ისე, რომ არ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შელახვა.

  • საოკუპაციო ხაზის საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად მხარეს უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ არ გაგრძელდეს “მცოცავი ოკუპაცია”, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, ჩვენ გავზრდით უსაფრთხოების ზომებს გამყოფი ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს - კვლავ განვათავსებთ საგუშაგოებს და აღვადგენთ პატრულირებას მთელი პერიმეტრის გასწვრივ. ამ კონტექსტში აქტიურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

  • თავისუფალი გადაადგილების მიღწევა იქნება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტი. თავისუფალი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოგვარების მიზნებისთვის. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სახლების და წმინდა ადგილების მონახულების უფლება, ასევე შეეძლოთ ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. ამ კუთხით ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა. დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი გალის და ახალგორის რაიონების, მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტს, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები.

  • რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო ანექსიის საწინააღმდეგო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. 2009-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არ-აღიარების პოლიტიკა. რუსეთის ფედერაციამ ვერ მოახერხა ამ რეგიონების “დამოუკიდებლობის” მასიური აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, დღეს დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ “აღიარებების” შეჩერება, არამედ ანექსიის პრევენცია. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ესაჭიროება ეფექტური და ანტი-ანექსიური პოლიტიკა, რათა რუსეთმა არ განახორციელოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსია.