გაზიარება
UNM UNM
მედია

ვაკეში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფანჯარა ჩაამტვრიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის #2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ენმ-ის ვაკის ოფისზე თავდასხმა ხელისუფლების ხელწერაა. ხოშტარია ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციაზე ძალადობს.

"ცხადია, ეს არის ხელისუფლების ქმედება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ძალადობს ოპოზიციაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში, რაც მათ შეუძლიათ, ეს არის ცალსახად ნგრევა, ნეგატივი და არა ის, რაც ქვეყანას სჭირდება - ქვეყნის წინსვლაზე ზრუნვა ადამიანებზე ზრუნვა. შესაბამისად, ეს ბუნებრივია, არის ხელისუფლების ხელწერა. სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით, რამდენად საზიანოა ეს მთლიანად ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის იმიტომ, რომ ნგრევით და ძალადობით ისინი, რა თქმა უნდა, უფრო დააჩქარებენ თავიანთ დამარცხებას, ისინი აჩვენებენ მხოლოდ თავიანთ სისუსტეს, მაგრამ, მთლიანობაში, ქვეყანა ზიანდება და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო მომენტამდე არ ესმით, თუ რა ცუდ რაღაცას უკეთებენ ქვეყანას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვერავითარ შემთხვევაში, ისინი ასეთი მეთოდებით ვერ აურევენ ვერც კამპანიას, ვერც ჩვენს მუშაობას... სამი თვეა, რაც დავდივარ და ძალიან ინტენსიურად ვხვდები მოსახლეობას. ალბათ, ვაკის ყველა სანტიმეტრი მაქვს უკვე მოვლილი და ზუსტად ვიცი ამ მოსახლეობის განწყობა, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის განწყობაც. აგრესიის არანაირი საფუძველი, არცერთი აგრესიული დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა. პატივს ვცემ ვაკელების იმ ნაწილს, რომელიც თუნდაც ხმას არ მომცემს და ამიტომ, მცდელობა, რომ ეს გადააბრალონ კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას, ძალიან უსუსური იქნება", - ამბობს ხოშტარია.