გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

სამოქმედო გეგმა

                                                                               

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია

(შემუშავებულია ეუთოს ექსპერტების მონაწილეობით და NDI თანამშრომლობით) 

 სამოქმედო გეგმა

 

შესავალი:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ფრთის სამოქმედო გეგმა (შემდგომში სამოქმედო გეგმა) წარმოადგენს შიდაპარტიულ დოკუმენტს, რომლის მიზანია განისაზღვროს ენმ ქალთა ფრთის (ქალთა ორგანიზაციის) სამომავლო აქტივობათა მიზანი, სახეობა, მათი განხორციელების გრაფიკი, საჭირო რესურსები, პასუხისმგებელი პირები და საზოგადოების შესაბამისი ინფორმირების მეთოდები;

სამოქმედო გეგმა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს პარტიის წესდებასა და პრინციპებთან;

სამოქმედო გეგმა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

  •  პარტიის შიგნით ქალთა წარმომადგენლობის ჩამოყალიბება და გაძლიერება;

პარტიის გარეთ - არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პარტიის გარეთ აქტივობების განხორციელება.

სამოქმედო გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება გააჩნია ენმ ქალთა ფრთის საბჭოს.

სამოქმედო გეგმის მიზნები:

საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებით ქალთა ფრთამ მოიზიდოს ახალი წევრები, აქტივისტები და ამომრჩევლები. პარტიაში გაწევრიანების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალ წევრებზე.

  • საშუალება მისცეს მომზადდეს  პარტიის ქალთა ფრთის აქტივობები;
  • ხელი შეუწყოს, საერთაშორისო ასპარეზზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მქონე, ლიბერალური პარტიის მიმართ ნდობის გაზრდას, რაც გააძლიერებს ევროპულ ლიბერალურ და ცენტრისტ-მემარჯვენე პარტიებთან კავშირს და გაამყარებს პოზიციებს ევროპულ სახალხო პარტიაში.
  • გააძლიეროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც პროევროპული, ლიბერალური პარტიის პროფილი.
  • მოიზიდოს პარტიისათვის დამატებით რესურსები; გააჩინოს ახალი შესაძლებლობები სასწავლო მოგზაურობისათვის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის, ტრენინგების ჩატარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის.

სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ძირითადი შედეგები

  1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ფრთის განვითარება და გაძლიერება;

ქალთა ფრთის განვითარება წევრ ქალებს უფრო გააქტიურებს და მეტი  ჩართულობისკენ უბიძგებს.

გარდა წევრებისა, მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ქალების მობილიზება და მათთვის ორგანიზების სპეციალური ფორმის ჩამოყალიბება.

ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თემატური აქტივობები. მსგავს საკითხებზე შეკავშირება ხელს უწყობს ქალ პოლიტიკოსებს შორის სოლიდარობის ამაღლებას.

                   კონკრეტული აქტივობები:

  • განხილვების მოწყობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პლატფორმაზე ზეგავლენის მოხდენა, განსაკუთრებით ქალებსა და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე;
  • მენტორობის პროექტის მოდელის კოორდინირება, რაც წარმოადგენს ახალი აქტივისტებისთვის პოლიტიკაში გათვიცნობიერების ეფექტურ საშუალებას;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ქალთა შორის სოლიდარობის ხელშეწყობა,  იმ პრობლემების განხილვა რომელიც ქალებს პოლიტიკაში ექმნებათ; ასევე სხვა ქალებისათვის საკუთარი ისტორიების მოყოლის შესაძლებლობის მიცემა; ქალ პოლიტიკოსებს შორის ერთიანობის უზრუნველყოფა;
  • პარტიის წევრი ქალებისათვის სასწავლო შეხვედრების მოწყობა, ნაკლებად გამოცდილი აქტივისტების კანდიდატობისთვის მომზადება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალ პოლიტიკოსთა მიღწევებისა და წარმატებების გახმაურება;
  • პარტიის წევრ ქალთა დაწინაურება ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე;
  • ახალი წევრი ქალების მოზიდვა პარტიაში;
  • პარტიის ლიდერებთან მრჩეველი ორგანოს ფუნქციის შესრულება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიის შემუშავება და კოორდინირება ქალებთან დაკავშირებული პრობლემური თემების კუთხით, საჯარო განხილვების ინიცირება და წარმართვა ამ საკითხებზე;
  • ყურადღების გამახვილება ქალებისა და ოჯახის პრობლემეზე, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის საკითხებზე; ასევე გენდერულ და ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა;
  • კამპანიებისა და აქტივობების წარმართვა, რომელიც ეხება ქალების პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსს, პარტიაში და პარტიის გარეთ;
  • ერთიანობის ჩამოყალიბება, პოლიტიკაში მყოფი ქალების პრობლემების განსაზღვრა, სოლიდარობის უზრუნველყოფა ქალ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შორის;
  • სპეციალური დამხმარე- საკონსულტაციო ჯგუფების შექმნა.

ამ აქტივობათა განხორციელების გზები:

  • ზოგადი წესების, ადგილობრივ და სახელწიფოებრივ დონეზე ორგანიზაციული სტრუქტურის, სამუშაო მეთოდისა და გაწევრიანების მექანიზმების შემუშავება (შესაძლებელია პარტიის გარკვეული სეგმენტი იყოს ღია ყველა ქალი წევრისათვის ან ცალკეული ორგანიზაციისათვის, რომელიც მოიზიდავს საკუთარ დაფინანსებას, ისევე როგორც ამას აკეთებს დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ქალთა კავშირი);
  • უნდა განიმარტოს ის მთავარი მისია, რომელზე კონცენტრაციასა და  განხილვასაც ქალთა ფრთა ისახავს მიზნად;
  • საჭიროა შემუშავდეს წესდება, საინფორმაციო პროკლამაციები და პლაკატები, მომზადდეს ქალთა ფრთის წევრებისათვის ,,მიღების პაკეტი’’(ე.წ welcome pack);
  • განისაზღვროს ქალთა ფრთისა და პარტიის ურთიერთობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე, მათ შორის ქალთა ფრთის  ხელმძღვანელის როლი და ადგილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის;
  • ჩამოყალიბდეს ქალთა ფრთის ხელმძღვანელების ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე არჩევის წესი და პროცედურები;
  • კომუნიკაციის უზრუნველყოფა ორგანიზაციის წევრებსა და ლიდერებს შორის.
  • უნდა შემუშავდეს საკითხების განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და სამუშაოების შესრულების მეთოდი;
  • უნდა განხორციელდეს ,,საჭიროებების შეფასება’’, რის მიხედვითაც მოხდება პარტიის აქტივისტ ქალთა მომზადება კამპანიის წარმოების, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უნარების გაუმჯობესების მიზნით;
  • კომპეტენციის ასამაღლებელად სასურველი მეთოდების შერჩევა პარტიის წევრი პოლიტიკოსი ქალებისათვის (მაგ: სასწავლებლად გაგზავნა, ტრენინგები) და მათი დაგეგმვა;
  • ქალთა ფრთის ვებ-გვერდის ფუნქციებისა და შინაარსის განსაზღვრა;
  • დაიგეგმოს საგანგებო სტრატეგია რეგიონებისათვის, სადაც ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები.

 

2. გენდერული თანასწორობისა და ქალთა საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირება;

არცერთი პოლიტიკური ლიდერი და პარტია არ არის მკაფიოდ გამოხატული ქომაგი გენდერული თანასწორობის, ქალებისა და  ოჯახური საკითხების. არსებობს საჭიროება ისეთი ლიდერის, რომელიც ამ თემებზე ისაუბრებს და წამოწევს ხელისუფლების მაღალ წრეებში.

საჭიროა პოლიტიკოსების იმიჯის ცვლილება: ,,პოლიტიკოსების საუბრობენ ბევრს და აკეთებენ ცოტას’’.

არსებობს საჭიროება ახალი გზებისა და საშუალებების შემუშავების, რომლითაც განიმარტება გენდერული თანასწორობა.

ქალი პარლამენტარების მცირერიცხოვნობის გამო ადგილობრივ დონეზე მათი გაწეული სამუშაოები არჩეულ თანამდებობებზე არ არის ასახული.

საჭიროა რომ პარტიამ წამოწიოს ბოლო დროს მომხდარი ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. ენმ ქალთა ფრთამ უნდა უხელმძღვანელოს ამ განხილვებს და დაიკავოს ეს ნიშა. გენდერთან დაკავშირებული ძალადობის პრობლემის წამოწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

უნდა იქნას შემუშავებული ქალთა პრობლემებზე ორიენტირებული სტრატეგია და უნდა მოხდეს ამ საკითხებზე საჯარო განხილვების მოწყობის ინიცირება.

,,ქალთა და ოჯახის პრობლემებზე’’ ყურადღების გამახვილება, მათ შორის ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა და მისი პრევენცია, ასევე ბავშვთა მოვლის საკითხების წამოწევა.

 

მიზნების განხორციელებისათვის აუცილებლად მისაღები ზომები:

  • ქალთა და ოჯახის პრობლემების განსაზღვრა;
  • ქალთა ფრთის საკამპანიო აქტივობები, რომლებიც გამომდინარეობს განსაზღვრული თემატიკიდან;
  • პარტიის გარეთ ორგანიზებული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის მიზნების განმარტება, მთავარი საკითხების მოფიქრება, რომელზეც იქნება ორიენტაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალ აქტივისტთა გამოცდილების გამოყენებით ადგილობრივ დონეზე სხვა ქალთა დასახმარებლად.

ქალების სპეციფიური საჭიროებების შესახებ საგანგებო სტრატეგიის შემუშავება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

,,გენდერული თანასწორობის კამპანიის’’ /პოლიტიკაში, მედიასა და საზოგადოებაში არსებულ ქალთა პრობლემების შესახებ კამპანიის მომზადება, ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

საკონსულტაციო ჯგუფების/საინფორმაციო ცენტრების  შექმნა პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობებში.

ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა საჭიროების შემთხვევაში დახმარების/ინფორმაციის/ექსპერტის შეფასებისათვის მისამართად, ასევე მათთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიღწევების/აქტივობების გასაზიარებლად.

3. პარტიის შიგნით გენდერული თანასწორობის დანერგვა.

ქალები არ გამოხატავენ კანდიდატობის სურვილს, ამიტომ საჭიროა პარტია უფრო ,,დამეგობრდეს ქალებთან’’. მეტი ქალის მხარდაჭერა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაში მოითხოვს სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას:  საჭიროა ქალი კანდიდატების დამატებითი მხარში დგომა, ,,შეხვედრების ხასიათის’’ ცვლილება მეტი ქალი აქტივისტებისათვის მისაწვდომობის უზრუნველყოფითა და ,,პოლიტიკაში მუშაობის წესების შეცვლით.

ქალებს კაცებთან შედარებით ნაკლები წვდომა აქვთ რესურსებზე, ამიტომ მათ ჭირდებათ პარტიის დამატებითი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაჟორიტარული არჩევნების დროს.

საჭიროა იმ მექანიზმების შემუშავება და წარმოდგენა, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გახდის მეტად თანასწორს, გენდერული საკითხებით დაინტერესებულსა და მისცემს ქართული ოჯახების უკეთესად წარმოდგენის საშუალებას.

აუცილებელი სამუშაოები მიზნების განსახორციელებლად:

  • განხილვის მოწყობა იმის შესახებ როგორ უნდა გახდეს ,, გენდერული თანასწორობა’’ პარტიის პრიორიტეტი და როგორ უნდა მოხდეს მისი დანერგვა;
  • გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ხელმძღვანელ ორგანოებში სამიზნეების გამოვლენა;
  • კანდიდატების შესარჩევი პროცედურების დანერგვა პარტიაში, სადაც გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის ელემენტი. ქალ კანდიდატთა შერჩევა. წესების რაც შეიძლება მოკლე დროში გამოცხადება, რათა კანდიდატებს, ქალებსაც და კაცებსაც, ჰქონდეთ მოსამზადებლად საკმარისი დრო;
  • დადგინდეს თანაბარი შესარჩევი კრიტერიუმები ქალებისა და კაცებისთვის;
  • 73 მაჟორიტარულ ოლქში პოტენციური კანდიდატების შერჩევა და მათი მომზადება. ლიდერების მოძიება 2016 წლის კანდიდატების გაწევრიანების სტრატეგიისთვის გენდერული ხედვის გათვალისწინებით;
  • პარტიის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა იმ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატებისა, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი დაფინანსება.
  • ქალი და კაცი კანდიდატებისათვის პარტიის რესურსებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა.
  • საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ქალებისათვის კამპანიის წარმოების შესახებ ტრენინგების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება;
  • გენდერული თანასწორობის დაცვის ოფიცრის არჩევა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამოქმედო გეგმის შესრულებას მთელს ქვეყანაში;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა და სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის მომზადება;
  • ქალთა ფრთისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას, სასწავლებლად გამგზავრებას, დახმარების თხოვნას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.